რას მოგვცემს პირველი კონსულტაცია, რას ველოდოთ?
პირველი კონსულტაცია იძლევა საშუალებას შეფასდეს მდგომარეობა, პაციენტთან ერთად დაიგეგმოს მკურნალობის ტაქტიკა, მიეცეს შესაბამისი დანიშნულება ან ფსიქოლოგიური რეკომენდაცია.
ნიშნავს, თუ არა ფსიქიატრთან მიმართვა ან მკურნალობა იმას, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა სერიოზული და მძიმეა?
რა თქმა უნდა არა. აღნიშნული სპეციალობის, ზოგადად ფსიქიკური თუ ფსიქოლოგიური პრობლემების მაღალი სტიგმატიზაციის გამო ადამიანები ხშირად თავს არიდებენ შესაბამისი პროფილის სპეციალისტებისათვის მიმართვას. ფსიქოლოგიური/ფსიქიკური პრობლემები ისევე საჭიროებენ მკურნალობას და დახმარებას, როგორც ჯანმრთელობის სხვა (სომატური) პრობლემები. აგრეთვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ფსიქოლოგიური/ფსიქიკური პრობლემები ცხოვრების სტრესული რეჟიმიდან გამომდინარე საკმაოდ ხშირია და სულაც არ არის ადამიანების "სისუსტის" ან "ნაკლოვანების" მაჩვენებელი, რადგან ყველაფერს აქვს შესაძლებლობის ზღვარი და მათ შორის ჩვენი ფსიქიკის "დამცველობით" რესურსსაც.
ფსიქიატრის ჩარევა დახმარება მხოლოდ ძალიან მძიმე შემთხვევაშია საჭირო ?
ფსიქიატრის კომპეტენციის ფარგლებში შედის ნებისმიერი ფორმის და სიმძიმის ფსიქოლოგიური/ფსიქიკური პრობლემის მკურნალობა, დაწყებული შფოთვითი (ნევროზული), ფობიკური (შიშები) დეპრესიული, პიროვნული (სახიათობრივი), კვებითი (ანორექსია, ბულიმია) პრობლემებით, დამთავრებული ფსიქოზური რეგისტრის აშლილობებით.
რა არის დეპრესია?
დეპრესია არის მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს გუნება განწყობის დაქვეითება უხალისობა, ხშირად უიმედობა, წარსულის ნეგატიური შეფასება, დაქვეითებული თვითშეფასება, მეხსიერების და ყურადღების კონცეტრაციის, დაქვეითება, შრომისუნარიანობის შეზღუდვა და ძილის დარღვევები.
რა განსხვავებაა ფსიქიატრს, ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტს შორის?
ფსიქიატრი არის განათლებით ექიმი, რომლის ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს მედიკამენტური მკურნალობა. ფსიქოლოგი არის სპეციალიზირებული ფსიქოლოგიური ცოდნის მქონე ადამიანი. ფსიქოთერაპევტი ძირითად განათლებით არის ფსიქოლოგი, რომელმაც შემდგომ გაიარა ფსიქოთერაპიის, როგორც თეორიული ასევე ხანგრძლივი პრაქტიკული კურსი. ფსიქოთერაპევტის ინსტრუმენტს წარმოადგენს სხვადასხვა მეთოდით ფსიქოთერაპიული მუშაობა.
მედიკამენტური მკურნალობის დროს გამოყენებული წამლები , ხომ არ იწვევს მიჩვევას?
ზოგიერთი მედიკამენტის ჯგუფი, რომელიც გამოიყენება ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ არასწორი მიღების შემთხვევაში მართლაც იწვევს მიჩვევას. აღნიშნული მედიკამენტები უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და დასაშვები დროით, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს მათზე დამოკიდებულებას. ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გამოყენებული მედიკამენტების ჯგუფების უმრავლესობა დამოკიდებულებას არ იწვევს.
ფსიქოთერაპიის რა მეთოდებს იყენებთ?
მკურნალობისას ვიყენებთ ფსიქოთერაპიის დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულ და მაღალეფექტურ მეთოდებს, როგორიცაა:
- კოგნიტურ ბიჰევიორალური თერაპია (CBT)
- EMDR (თვალის დესენსიტივიზაციისა და რეპროცესების თერაპია), აღნიშნული მეთოდი პირველად საქართველოში 2 წლის წინ დაინერგა ჩვენთან ჰოლანდიელი სპეციალისტების დახმარებით
- ეგზისტენციალური ( ჰუმანისტური) თერაპია
- არტ თერაპია (იზოთერაპია, ხატვით ტერაპია, მანდალათერაპია, მეტაფორული გამოსახულებები, ქვიშათერაპია)
ექვემდებარება თუ არა "ნევროზი" ან დეპრესია განკურნებას?
დიახ, ექვემდებარება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ნერვული აშლილობის უკიდურესად გახანგრძლივების შემთხვევაში აკითხავენ სპეციალისტს, მკურნალობა აბსოლუტურ უმრავლესობაში ეფექტურია. ეფექტურობის ასამაღლებლად, როგორც წესი, საჭიროა კომპლექსური მკურნალობა.
რამდენი ხანი მიმიდინარეობს ფსიქოთერაპიის სეანსი?
- ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სეანსი 1 საათი გრძელდება
- ჯგუფური, თუ არტთერაპიის სეანსი - 1.5დან 2 საათამდე
შეიძლება თუ არა ნევროზი გადაიზარდოს ფსიქოზში?
ნევროზული და ფსიქოზური რეგისტრის დაავადებებს შორის მკაცრი და დიდი ზღვარია. ნერვოზი ფსიქოზში არ „გადადის“.
რამდენი სეანსი სჭირდება ფსიქოთერაპიით მკურნალობას?
სხვადახვა მეთოდით მკურნალობისას სეანსების რაოდენობა სხვადასხვაა და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. ზოგადად კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის დროს 6-12 სეანსი, არტ თერაპიის დროს 8-16 სეანსი, EMDR 4-6 სეანსი.